02/09/2026
პირველკლასელებს არ გისურვებთ იყოთ უბრალოდ „წყნარი“ და „ფრიადოსანი“ მოსწავლეები. გისურვებთ, შეინარჩუნოთ ის ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, სიცხადე და შინაგანი სიჩუმე თუ სიჩქარე, რაც დღეს ასე გამორჩეულს გხდით ! არ შეგეშინდეთ შეკითხვების დასმის, შეცდომების დაშვებისა და საკუთარი, პატარა სამყაროების აღმოჩენის. სკოლის მერხი არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ მზა პასუხები უნდა დაიზეპიროთ ეს არის სივრცე, სადაც თქვენი უნიკალური ხმა უნდა იპოვოთ, ითამაშოთ, იცინოთ და შეიძინოთ ნამდვილი, დროგამძლე მეგობრები.
ყველაზე მეტად კი მწამს, რომ სკოლის ყოველდღიურობამ, საშინაო დავალებების რუტინამ და ციფრებით გაზომილმა შეფასებებმა არ უნდა გააქროს ბავშვში ის ბუნებრივი დიდებულება, სინათლე და შინაგანი თავისუფლება, რაც მათ სკოლის ზღურბლამდე ასე უხვად დაჰყვებათ.
მშობლებს მინდა შევახსენო: სასკოლო ნიშანზე უზენაესი მათი ადამიანობაა - გულწრფელობა, სიკეთის ქმნადობა. წლების შემდეგ, როდესაც ეს პატარები გაიზარდებიან და დიდ ცხოვრებაში გადადგამენ ნაბიჯს, მათ ღირებულებას დღიურში ჩაწერილი ციფრები კი არ განსაზღვრავს, არამედ ის, თუ როგორ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან. იყავით მათთვის ის უძრავი ნავსაყუდელი, სადაც იციან, რომ უპირობოდ უყვართ მიუხედავად იმისა, რამდენად გამართულად დაწერეს დღეს პირველი ასო.
ამ საოცარ და საპასუხისმგებლო მოგზაურობაში განსაკუთრებული, თითქმის საკრალური მისია პედაგოგებს აკისრიათ. მათ ვუსურვებ ამოუწურავ მოთმინებას, შთაგონებასა და იმის უზენაეს განცდას, თუ რამდენად ღრმაა მათ მიერ დატოვებული ნაკვალევი ბავშვის გონებაში. თქვენს ხელშია ყველაზე სათუთი საგანძური - პატარა ადამიანის ნდობა და მომავალი. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმულ თითოეულ თბილ სიტყვას, დაჯერებულ, გულწრფელ მზერასა თუ უბრალო წახალისებას შეუძლია სამყაროს შეცვლა. სამყაროს სიყვარულის სწავლება და საკუთარი ძალებით რწმენის შთაგონება. იყავით ისეთი გზამკვლევები, რომელთა გაკვეთილებიც არა მხოლოდ რვეულებში, არამედ მოსწავლეთა გულებში დარჩება სამუდამოდ.
დაე, ეს სასკოლო წელი იყოს არა უბრალოდ ზოგადი ცოდნის დაგროვების, არამედ ღირსების, მეგობრობის, სინათლისა და ნამდვილი ადამიანობის აღმოჩენის.
ვიდეოს სახით მოგიხდით ბოდიშს - სასკოლო ფორმებისა და სკოლაში კვების არქონის გამო. 🫂