07/04/2026
❣️
🛑 "ბავშვი ბაღში მეგონა..." — როცა სოციალური როლები გვანადგურებს
რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთი დედის პოსტი შემხვდა, რომელმაც სუნთქვა გამიჩერა. დღის ბოლოს ბაღში მიაკითხა შვილს, რომელიც... დილით სახლში დატოვა . მას უბრალოდ დაავიწყდა, რომ ბავშვი იმ დღეს ბაღში არ წაუყვანია. ამ ამბავს კი თან სდევდა პარალიზებელი სირცხვილი და უხერხულობა მასწავლებლის წინაშე .
ვიცი, ბევრი ამას იუმორით შეხედავს. მე კი, როგორც თერაპევტი, აქ დიდ ტრაგედიას ვხედავ. ეს არ არის "სახალისო ისტორია", ეს არის განგაშის ზარი იმ ქალების სახელით, რომლებიც საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ცხოვრობენ.
⛓️ უხილავი მარყუჟი: რას ითხოვს საზოგადოება ქალისგან?
ჩვენგან ითხოვენ არა უბრალოდ ფუნქციონირებას, არამედ პერფექციონიზმს ყველა ფრონტზე:
იდეალური დედობა: უნდა იყოთ ყველა საგნის ექსპერტი, რომ შვილები ამეცადინოთ, იზრუნოთ მათ განათლებაზე . იცოდეს მათი ფსიქოლოგია და ემოციური სირთულეები . იყოთ ყოველთვის მხარდამჭერი . იზრუნოს მათ ჯანსაღ კვებაზე და აქ.შ.
იდეალური ცოლობა და მასპინძლობა: იყოთ ემოციური საყრდენი ქმრისთვის და ოჯახისთვის , შეფ-მზარეული და მასპინძელი, ვისთანაც სახლი მუდამ პრიალებს , ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს და ყველა ოჯახის წევრი უზრუნველყოთ მათი საჭიროებებით ...
ესთეტიკური სტანდარტი: არ გაბედოთ დაღლის შეტყობა — მუდამ მოვლილი და "ფორმაში" უნდა იყოთ. არც ასაკი არ უნდა შეგეტყოთ , არც გადაღლა . არც პრობლემები , რომელიც ოჯახშია . და ეს ყოველივე ოჯახის ბიუჯეტიდან მინიმალური დანახარჯით ...
ასევე ფინანსური პასუხისმგებლობა: თანამედროვე რეალობაში ქალი ხშირად მთავარი ან თანაბარი შემტანია ოჯახის ბიუჯეტში. მიუხედავად ამისა უმრავლეს შემთხვევაში სხვა დანარჩენი პასუხისმგებლობები რატომღაც თანაბრად არ ნაწილდება . და ეს ნორმაა
🧠 ავტოპილოტი, როგორც გადარჩენის ერთადერთი გზა
როცა ტვინი ამდენ დავალებას ერთდროულად ამუშავებს, ის ითიშება. სხეული დადის, მუშაობს, საჭმელს აკეთებს, მაგრამ ცნობიერება "იკეტება". სწორედ აქ იწყება ის საშინელი გათიშვები, როცა ბავშვის ადგილსამყოფელიც კი გავიწყდება.
ეს არ არის დაუდევრობა. ეს არის სისტემის კოლაფსი.
სირცხვილი, რომელსაც ეს დედა გრძნობდა, სინამდვილეში მთელი ჩვენი საზოგადოების და ოჯახის სირცხვილია. ჩვენ შევქმენით გარემო, სადაც ქალი ვალდებულია იყოს "ყველაფერი ყველასთვის" და ამავდროულად — სამწუხაროდ არავინ საკუთარი თავისთვის .
⏳ ეგზისტენციალური ჩიხი: როდემდე?
და მაინც, ყველაზე მტკივნეული კითხვა არის — როდემდე? როდემდე უნდა ვიყოთ ამ დამქანცველ რბოლაში, სადაც ფინიშის ხაზი საერთოდ არ არსებობს? სადაც ყოველი "შესრულებული" მისია მხოლოდ ახალ ვალდებულებას შობს?
ჩვენ ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ საზოგადოების, ოჯახის თუ დამსაქმებლის მოლოდინები, მაგრამ ამ პროცესში ერთი უმთავრესი რამ გვავიწყდება: საკუთარი არსებობის შეგრძნება. როცა ქალს შვილის ადგილსამყოფელი ავიწყდება , ეს ნიშნავს, რომ მას უკვე დიდი ხანია საკუთარი თავი ჰყავს "დავიწყებული ". ის უბრალოდ აღარ არის საკუთარ სხეულში, ის მხოლოდ ფუნქციაა.
რამდენად შორს უნდა წავიდეთ ამ თვითგანადგურების გზაზე, რომ საბოლოოდ ვაღიაროთ — ჩვენი რესურსი ამოწურვადია?! და რა უნდა მოხდეს, რომ "ყველაფრის მოსწრების" ნაცვლად, უბრალოდ საკუთარ თავთან დაბრუნება ავირჩიოთ?! ამას ჩვენს ნაცვლად არავინ გააკეთებს სამწუხაროდ . ჩვენს გარდა ქალბატონებო ეს არავის აწუხებს .
ეს რბოლა მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა ჩვენ თავად ვიტყვით: "მეტი აღარ შემიძლია და ეს არ არის სირცხვილი!"