11/08/2025
38 წელი… (გასული წლის მიმოხილვა)
მნიშვნელოვანი გარდატეხა…
გარდატეხა შინგანად… წელი, როცა ვიგრძენი პირველად რომ აღარ ვარ ახალგაზრდა, როცა პირველად შევიგრძენი ასაკი. იქამდე ჩემში ახალგაზრდა პატარა გოგო ცხოვრობდა, ჩემს ასაკს ვერ ვაანალიზებდი, არ მჯეროდა რომ მეოთხე ათწლეულში ვიყავი. 38 წელმა კი ეს მაგრძნობინა. არ ვიცი რა არის მიზეზი. სტრესი? გადაღლა? ფიქრთა სიმრავლე? ერთი სიტყვით, მივხვდი, რომ პატარა აღარ ვარ…
ეს იყო წელი, როცა ჩემთვის რთული გადაწყვეტილებების მიღება მომიწია, როცა თითქოს იმის გაკეთება მომიწია, რაც არასდროს გამეკეთებინა, რის ძალასაც იქამდე ჩემში ვერ ვპოულობდი. ამ ყველაფერმა შინაგანად ამაფორიაქა, დამსტრესა…
საქმიანობის მხრივ?
ფილიალის გახსნა, ორმაგი მუშაობა… სულ ცოტა ხნის წინ ახალი საქმიანობის დაწყება, სრულიად განსხვავებული სფეროს შესწავლა.
ამ ასაკში თუ ჩემი პროფილისგან განსხვავებულ დარგს შევისწავლიდი, ვერ წარმოვიდგენდი. გადავდგი ისეთი ნაბიჯები, რომელიც არ ვიცი რას მომიტანს… დინებას მივყვები… პრინციპიში არასოდეს მქონია ამბიციები, ყოველთვის დინებას მივყვებოდი, მაგრამ შრომით და უფლის შეწევნით წინ მივიწევდი. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ეს წინსვლა შეიძლება დროებითი იყოს… ვცხოვრობ იმის მოლოდინით რომ ყოველ აღმართს მოყვება დაღმართი. უფალზეა დამოკიდებული ყოველივე.
მაგრამ ამ ცხოვრების ჭიდილში ყველაზე მთავარი არის ჩვენთვის ძვირფასი ადამიანები, ურთიერთობები. არ აქვს მნიშვნელობა დღეს სად ვარ, მთის მწვერვალზე თუ მთის ძირში, მე ისევ ის ვარ და შენ ისევ ის ხარ, მთავარია შენ გიხაროდეს ჩემი მაღლა დგომა და მე შენი, მთავარია ჩვენი მზერა ისევ დაბლა იყურებოდეს, ისევ თვალდახრილი და არა თავაწეული მივიწევდეთ წინ.
რა მინდა?
მინდა სულიერი სიმშვიდე, ცოტა დასვენება მინდა, გადაღლილობამ უკვე კულმინაციას მიაღწია. ზოგჯერ სულაც 2 დღე მინდა რომ დავისვენო და არაფერზე არ ვიფიქრო. არ ვიფიქრო სადილს რას მოვამზადებ, რომელ პედაგოგს მივიღებ, ცხრილს როგორ გავანაწილებ, რა პროგრამას შევარჩევ, რომელ ტურს ავაწყობ, რომელ მესინჯერზე ვის როდის ვუპასუხებ. ჩემი ტვინი მუდმივად პრობლემების მოგვარების რეჟიმშია. დღეში ათეულობით და ასეულობით ადამიანზე რომ გიწევს პასუხის გაცემა პირად შეტყობინებებში და მაინც მეგობარი ან უცნობი გსაყვედურობს, რატომ ვერ უპასუხე…
ალბათ დადგება დღე, როცა უცებ დავტოვებ ყველაფერს და მარტო დიასახლისობას მივყოფ ხელს… ვნახოთ, დინებას მივყვები…
სადაც არ უნდა ვიყო, როგორც არ უნდა ვიყო, უფალს მადლობა კიდევ ერთი ნაჩუქარი წლისთვის…
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვისაც ბოლომდე გეყოთ ნებისყოფა წაგეკითხათ ჩემი ნაწერი, ვინც კეთილ სურვილებს მიგზავნით, ვინც გვერდში მიდგახართ და ვინც შორიდან გულშემმატკივრობთ.
🩷🩷🩷🩷
11.08.2025