05/06/2026
რინოპლასტიკის შემდგომი პერიოდი – რა არის ნორმალური და რას უნდა ველოდოთ?
რინოპლასტიკის შემდეგ საბოლოო შედეგი ოპერაციის დასრულებისთანავე არ ჩანს. ცხვირი გადის შეხორცებისა და ქსოვილთა რემოდელირების ხანგრძლივ პროცესს, რომელიც ინდივიდუალურად შეიძლება 12-18 თვემდეც გაგრძელდეს.
ოპერაციის შემდეგ შეშუპება სრულიად ბუნებრივი რეაქციაა. ქირურგიული ტრავმის შედეგად ქსოვილებში გროვდება სითხე, რაც იწვევს:
ცხვირის მოცულობის გაზრდას,
წვერის დამრგვალებას,
ასიმეტრიის შთაბეჭდილებას.
შეშუპება ორივე მხარეს ერთნაირად არ იკლებს, ამიტომ გარკვეულ ეტაპზე შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ცხვირი გადახრილია, მაშინ როცა რეალურად საქმე მხოლოდ არათანაბარ შეშუპებასთან გვაქვს.
“გვერდზე წამივიდა ცხვირი” (ვპასუხობ ამ ტერმინს)
პირველ თვეებში ცხვირის ვიზუალური ღერძის ცვლილება ხშირად გამოწვეულია,
ცალმხრივი შეშუპებით,
რბილი ქსოვილების არათანაბარი შეხორცებით,
ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირებით,
კუნთების ტონუსისა და მიმიკის გავლენით.
უმეტეს შემთხვევაში ეს არ ნიშნავს, რომ ძვალი ან ხრტილი რეალურად გადანაცვლდა.
საბოლოო შეფასება, როგორც წესი, რამდენიმე კვირაში ან თვეში გაკეთებული ფოტოთი არ ხდება. ცხვირის ფორმის ობიექტური შეფასებისთვის საჭიროა ქსოვილების მაქსიმალური დამშვიდება.
რინოპლასტიკის შემდეგ მსუბუქი ასიმეტრია ხშირი მოვლენაა.
ამის მიზეზი შეიძლება იყოს,
სხვადასხვა ხარისხის შეშუპება მარჯვენა და მარცხენა მხარეს;
კანის სისქის განსხვავება,
შეხორცების ინდივიდუალური პროცესი,
ნაწიბუროვანი ქსოვილის ფორმირება.
პირველ თვეებში არსებული ასიმეტრია ყოველთვის არ ასახავს საბოლოო შედეგს.
პირველ კვირებსა და თვეებში ცხვირით სუნთქვა შეიძლება იყოს გართულებული, რაც დაკავშირებულია:
შიდა შეშუპებასთან,
ლორწოვანის რეაქტიულ ცვლილებებთან,
ქერქების წარმოქმნასთან.
ეს ყოველთვის არ მიუთითებს ოპერაციის წარუმატებლობაზე.
( ვეცადე ტქსტით ამეხსნა, თუმცა აუცილებლად ჩავწერ ამ თემაზე დეტალურ ვიდეოს)
ჯანმრთელობას გისურვებთ ❤️🙏🏻