10/09/2026
აღმოსავლური ნაძვის მავნებლის წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის მიმართულების განვითარება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულში“ სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის ართვინის სატყეო რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი, ტყის მავნებლების ბიოლოგიური კონტროლის მიმართულების ექსპერტი იაშარ აქსუ (Yaşar Aksu).
ვიზიტის მიზანი იყო აღმოსავლური ნაძვის (Picea orientalis) მნიშვნელოვანი მავნებლის — Ips typographus-ის წინააღმდეგ ბიოლოგიური კონტროლის პროგრამის განვითარებისთვის საჭირო გამოცდილების გაზიარება და მისი ბუნებრივი მტრის, მტაცებელი ხოჭოს Thanasimus formicarius-ის ლაბორატორიაში გამრავლების ტექნოლოგიის პრაქტიკული გაცნობა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა Thanasimus formicarius-ის ბიოლოგია, ლაბორატორიულ პირობებში გამრავლების ძირითადი ეტაპები, კვერცხდების მიღება, ლარვების გამოზრდა და მიღებული მტაცებლების მავნებლით დასახლებულ ტყის უბნებში გამოყენების შესაძლებლობები.
საქართველოში ამ მიმართულებით ბიოლოგიური კონტროლის პროგრამის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი მიზანია Ips typographus-ის პოპულაციის მონიტორინგი და გრძელვადიანი, ეკოლოგიურად უსაფრთხო მართვის სისტემის ჩამოყალიბება, მავნებლის მასობრივი გამრავლების რისკის შემცირება და აღმოსავლური ნაძვის ტყის კორომების დაცვა.
თურქეთის მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი საფუძველია Thanasimus formicarius-ის ლაბორატორიაში გამრავლების მეთოდის ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებისა და საქართველოში Ips typographus-ის წინააღმდეგ მეცნიერულად დასაბუთებული ბიოლოგიური კონტროლის პროგრამის განვითარებისათვის.