ფსიქოლოგი ინგა სიჭინავა • Psychologist Inga Sichinava

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ფსიქოლოგი ინგა სიჭინავა • Psychologist Inga Sichinava

ფსიქოლოგი ინგა სიჭინავა • Psychologist Inga Sichinava ფსიქოლოგი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის პრაქტიკოსი, ადიქციური ქცევების სპეციალისტი

სამუშაო მიმართულებები: პოსტტრავმული სტრესული მდგომარეობა, კვებითი დარღვევა, პიროვნული ზრდა და განვითარება, ფსიქოსომატური მდგომარეობა,
სამუშაო მეთოდები: ფსიქოკონსულტირება, კლიენტზე ორიენტირებული, ინდივიდუალურად შერჩეული მიდგომა, კოგნიტურ ქცევითი თერაპია, ქოუჩინგი.

წლების წინ, მეგობართან ერთად ბანკში  ტრენინგს ვატარებდი. ერთ-ერთი თემა ემოციების მართვასა და აფექტს ეხებოდა. ჩემი კოლეგა...
10/09/2026

წლების წინ, მეგობართან ერთად ბანკში ტრენინგს ვატარებდი. ერთ-ერთი თემა ემოციების მართვასა და აფექტს ეხებოდა. ჩემი კოლეგა, რომელსაც არასრულწლოვან პატიმრებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, ხშირად გვიზიარებდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დაკვირვებას:
„იცი, რა ბავშვები არიან? საოცარი მორალი, კულტურა და განათლება აქვთ. ბევრი მათგანი არ ჰგავს იმ სტერეოტიპს, რაც საზოგადოებას აქვს დამნაშავეზე. მაგრამ ზოგიერთმა აფექტის მდგომარეობაში მკვლელობა ჩაიდინა.“
ეს მაგალითი კარგად აჩვენებს, რომ ზოგჯერ ადამიანის ერთი უკონტროლო ემოციური მომენტი მთელ მის ცხოვრებას ცვლის.
🔸 რა არის აფექტი?
აფექტი არის უკიდურესად ძლიერი, უეცრად აღმოცენებული ემოციური მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანი დროებით კარგავს თვითკონტროლის მნიშვნელოვან ნაწილს. ასეთ დროს ემოცია იმდენად ინტენსიურია, რომ აზროვნების, განსჯისა და შედეგების შეფასების უნარი მნიშვნელოვნად ქვეითდება. სწორედ ამიტომ, აფექტის მდგომარეობაში ადამიანმა შეიძლება ისეთი ქმედება ჩაიდინოს, რომელსაც მშვიდ მდგომარეობაში არასოდეს გააკეთებდა.
‼️ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აფექტი არ ნიშნავს პასუხისმგებლობის ავტომატურ მოხსნას. ეს არის ფსიქოლოგიური და, ზოგ შემთხვევაში, სამართლებრივი შეფასების საგანი, რომელიც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევას ინდივიდუალურად განიხილავს.

#ფსიქოლოგია #ფსიქოლოგი #ფსიქიკა #ფსიქოთერაპია #აფექტი #თვითშეფასება #ემოცია #თვითრეფლექსია #მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქოლოგიინგასიჭინავა

"ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე ადამიანისთვის მეგობრის ან პარტნიორის არასრულფასოვნების განცდაა." - ალფრედ ადლერი. ადლერის ფსიქ...
08/09/2026

"ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე ადამიანისთვის მეგობრის ან პარტნიორის არასრულფასოვნების განცდაა." - ალფრედ ადლერი.
ადლერის ფსიქოლოგიაში არასრულფასოვნების განცდა მხოლოდ სისუსტეს არ ნიშნავს. ზოგჯერ ის სრულიად საპირისპირო ქცევით - უპირატესობის დემონსტრირებით იფარება. არასაკმარისობის განცდა იმდენად მტკივნეულია, რომ საკუთარი ღირებულების შესანარჩუნებლად ადამიანს სხვაზე "მაღლა დგომა" სჭირდება. სწორედ აქ შეიძლება ურთიერთობა ნელ-ნელა გადაიქცეს სივრცედ, სადაც ერთი ადამიანი მეორის დამცირებით ცდილობს თვითშეფასების ამაღლებას. ასეთ ადამიანთან მეგობრობა ან პარტნიორობა განსაკუთრებით რთული ხდება. სხვისი წარმატება მისთვის სიხარულის მიზეზი არ არის, რადგან ის საკუთარი არასაკმარისობის სარკედ იქცევა. სხვისი თავდაჯერებულობა შესაძლოა მასში შურს აღძრავდეს, წინსვლა და განვითარება საფრთხის განცდას, მისი ძლიერი მხარეები კი - დაკნინების სურვილს. ამიტომ იწყება "უწყინარი" ხუმრობების, კრიტიკის, შედარებების და გაუფასურების კასკადი. ის სხვის შეცდომებს განსაკუთრებული სიამოვნებით ამჩნევს, კომპლიმენტის ნაცვლად ირონიას იყენებს და ნელ-ნელა ცდილობს, მეორე მხარეში ის სინათლე ჩააქროს, რომელიც მას საკუთარ არასრულფასოვნებას ახსენებს. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია დაჟინებული მზერა, რომელიც მეორე ადამიანში აღძრავს უხერხულობის, სირცხვილის, გაურკვევლობის განცდას.
ეს ყოველთვის გააზრებული ბოროტება არ არის, ეს არის კომპენსაციისა და დაცვის მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ადამიანი სხვისი დაკნინებით დროებით ამცირებს საკუთარ არასრულფასოვნების განცდას და ინარჩუნებს მყიფე თვითღირებულებას, შესაბამისად, ეს მექანიზმი არღვევს ურთიერთობის ფსიქოლოგიურ უსაფრთხოებას და ჯანსაღ დინამიკას და ასეთ ურთიერთობაში დარჩენა საფრთხის შემცველია.

#ფსიქოლოგია #ფსიქიკა #ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპია #მენტალურიჯანმრთელობა #თვითრეფლექსია #ემოცია #თვითშეფასება #ფსიქოლოგიინგასიჭინავა

შვილის დამოკიდებულება მამის მიმართ ასაკთან ერთად იცვლება - იდეალიზაციიდან გაუფასურებამდე, შემდეგ კი ხელახლა აღმოჩენამდე....
07/09/2026

შვილის დამოკიდებულება მამის მიმართ ასაკთან ერთად იცვლება - იდეალიზაციიდან გაუფასურებამდე, შემდეგ კი ხელახლა აღმოჩენამდე.

4-6 წელი - მამაჩემი ყველაზე მაგარია!
7-8 წელი - მამაჩემმა ყველაფერი იცის!
9-10 წელი - მამაჩემმა ბევრი რამ იცის!
11-12 წელი - მამაჩემმა რაღაც-რაღაცეები არ იცის!
13-14 წელი - მამაჩემმა არც ისე ბევრი იცის!
15-16 წელი - მამაჩემი ხშირად ცდება!
17-18 წელი - მამაჩემი ყოველთვის ცდება!
19-20 წელი - მამაჩემი - არ იცის და ამბობს!
21-23 წელი - მამაჩემს საერთოდ ვერ აღვიქვამ!
24-26 წელი - მე გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე მამაჩემმა!
27-30 წელი - მამაჩემს რაღაც-რაღაცეები სცოდნია!
31-33 წელი - მამაჩემს ხომ არ შევეკითხო ამის შესახებ?
34-37 წელი - ალბათ, მამაჩემს უნდა შევეკითხო ამის შესახებ!
38-40 წელი - მამაჩემს აუცილებლად უნდა დავეკითხო ამის შესახებ!
41-45 წელი - ჯერ მამაჩემს შევეკითხები და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ!
46-50 წელი - საკვირველია, როგორ გადაიტანა მამაჩემმა ამდენი განსაცდელი!
51-55 წელი - მამაჩემი ყოველთვის სიმართლეს მეუბნებოდა და სწორ რჩევებს მაძლევდა!
56-60 წელი - ნეტავ მამაჩემი ცოცხალი იყოს, მას შევეკითხებოდი ამის შესახებ!
61 წლიდან - ეჰ, როგორ ვცდებოდი, როცა მამაჩემს არ ვუჯერებდი!

#ფსიქოლოგია #ფსიქოლოგი #ფსიქიკა #ფსიქოთერაპია #ემოცია #მამა #მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქოლოგიინგასიჭინავა

რუბრიკა: ფსიქოგანათლებარას ნიშნავს პროგრესული რეგრესი?რატომ შეიძლება თერაპიის პროცესში ადამიანმა თავი დროებით უარესად იგ...
18/08/2026

რუბრიკა: ფსიქოგანათლება
რას ნიშნავს პროგრესული რეგრესი?
რატომ შეიძლება თერაპიის პროცესში ადამიანმა თავი დროებით უარესად იგრძნოს?
თერაპიის დროს, და ზოგადად პიროვნული განვითარების პროცესშიც, ხშირად ხდება, რომ ადამიანს თითქოს უკან დახევა ეწყება - რეგრესს განიცდის. თითქოს სულ ცოტა ხნის წინ ის ზრდასრული, დამოუკიდებელი პიროვნება იყო, რამდენიმე სესიის შემდეგ კი მოზარდივით ან პატარა ბავშვივით იქცევა.
ეს შეიძლება შემაშფოთებელი იყოს და გააჩინოს განცდა, რომ თერაპია არასწორი მიმართულებით მიდის. ზოგჯერ ეს მართლაც შეიძლება ასე იყოს, მაგრამ ყოველთვის არა.
წარმოიდგინეთ, სახლში რემონტს აკეთებთ. თავიდან ყველაფერი უფრო ცუდად გამოიყურება, ვიდრე ადრე - ავეჯი გატანილია, კედლები ჩამოფხეკილია, ყველგან მტვერია და ქაოსია. ამ ეტაპზე შეიძლება იფიქროთ, რომ სახლი განადგურებულია, სინამდვილეში კი ეს აუცილებელი პროცესია, რათა საბოლოოდ უფრო ლამაზი და კომფორტული სივრცე მიიღოთ.
მსგავსი რამ ხდება ფსიქოთერაპიაშიც.
თავდაპირველად მიმდინარეობს საკუთარი თავისა და შინაგანი სამყაროს კვლევა. შემდეგ - ძველი, უკვე არაეფექტური ფსიქოლოგიური მექანიზმების „დაშლა“. ამის შემდეგ იწყება ახალი, უფრო ჯანსაღი სტრუქტურების ჩამოყალიბება და მათთან ადაპტაცია. მხოლოდ ამ პროცესის გავლის შემდეგ ჩნდება წინსვლის რეალური განცდა.
დროებითი რეგრესი შეიძლება ძლიერი ემოციური გამოცდილებითაც აიხსნას. ასეთ დროს ადამიანი არაცნობიერად თითქოს უკან იხევს - უფრო მარტივ, ნაცნობ, ხშირად ბავშვობის დროინდელ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. იქ ის თავს უფრო დაცულად გრძნობს და ცდილობს ახალ ემოციურ ქარიშხალს ცოტა ხნით გაერიდოს. როდესაც კრიზისი გაივლის, კვლავ უბრუნდება განვითარებას და წინ მიიწევს.
ამიტომ, თუ თერაპიის დაწყების შემდეგ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ "ყველაფერი უფრო და უფრო უარესდება", ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ პროცესი წარუმატებელია. შესაძლებელია, ეს სწორედ პროგრესული რეგრესის ეტაპი იყოს - დროებითი უკუსვლა, რომლის გარეშეც ხშირად შეუძლებელია მნიშვნელოვანი შინაგანი ცვლილება.
იგივე პრინციპი ვრცელდება თითქმის ყველა მნიშვნელოვან პიროვნულ ცვლილებაზე - სწავლაზე, ტრენინგებზე, ცხოვრებისეულ კრიზისებზე. ძალიან ხშირად, ნამდვილ პროგრესს წინ სწორედ დროებითი რეგრესი უსწრებს.

#ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპია #ფსიქოლოგია #ფსიქიკა #თვითრეფლექსია #მენტალურიჯანმრთელობა #პროგრესი #რეგრესი #ფსიქოლოგიინგასიჭინავა

ხშირად ის, რასაც ვაკეთებთ, არ არის ის, რასაც სინამდვილეში ვგრძნობთ ანუ თვალსაჩინო რეაქციის ან  ემოციის უკან უფრო მნიშვნე...
13/08/2026

ხშირად ის, რასაც ვაკეთებთ, არ არის ის, რასაც სინამდვილეში ვგრძნობთ ანუ თვალსაჩინო რეაქციის ან ემოციის უკან უფრო მნიშვნელოვანი, დაუცველი და ღრმა გრძნობა იმალება.
მაგალითად:
1. ბრაზი - ტკივილი, უსამართლობის განცდა, შიში, უძლურება;
2. გაღიზიანება - გადაღლა, გადატვირთულობა, დაგროვილი წყენა;
3. აგრესია - დაუცველობა, შინაგანი დაძაბულობა, საკუთარი თავის დაცვის საჭიროება;
4. ეჭვიანობა - დაკარგვის შიში, შედარების ტკივილი, საკუთარი მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენება.;
5. შური - საკუთარი არასაკმარისობის განცდა, სევდა, დაუკმაყოფილებელი სურვილი;
6. კონტროლის სურვილი - ქაოსისგან თავის დაცვა, გაურკვევლობის აუტანლობა,
7. პერფექციონიზმი - შეცდომის დაშვების შიში, საკუთარი ღირებულების შედეგებთან მიბმა;
8. გულგრილობა - იმედგაცრუება, ემოციური გადაღლა, განცდა - "მეტი აღარ შემიძლია";
9. ცინიზმი - იმედგაცრუების შიში, უნდობლობა, თავდაცვა;
10. ხუმრობა ან სიცილი რთულ მომენტში - უხერხულობა, დაძაბულობის განმუხტვის მცდელობა, მოწყვლადობის დამალვა;
11. დუმილი - უთქმელი წყენა, განცდა - "ჩემი სიტყვები მაინც არაფერს შეცვლის".
12. თავის არიდება - შფოთვა, სირცხვილი, კონფლიქტის შიში;
13. ზედმეტი დათმობა - მიტოვების და უარყოფის შიში, ურთიერთობის შენარჩუნების სურვილი;
14. "კარგი გოგოს ან კარგი ბიჭის" როლი - მიღების საჭიროება, სიყვარულის დაკარგვის შიში, კონფლიქტის თავიდან არიდება;
15. დაცვითი პოზიცია - თავდასხმის ან უარყოფის მოლოდინი, კრიტიკის მიმართ მგრძნობელობა, საკუთარი თავის გამართლების აუცილებლობა.
16. დაბრალება - დანაშაულის განცდის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიში, შინაგანი სირცხვილისგან თავდაცვა;
17. გადაჭარბებული დამოუკიდებლობა - სხვაზე დამოკიდებულების შიში, დახმარების თხოვნის სირთულე, იმედგაცრუების თავიდან აცილება;
18. ეჭვი და უნდობლობა - ღალატის ან მოტყუების შიში, წარსული გამოცდილება;
19. მუდმივი დაკავებულობა - სიცარიელის, მარტოობის ან საკუთარ თავთან დარჩენის შიში;
20. ემოციების ჩახშობა - უსაფრთხოების დაკარგვის შიში, " განცდა - არ მაქვს უფლება გამოვხატო";
21. ტირილი - მწუხარება, შვება, უმწეობა, დაგროვილი ტკივილი;
22. სირცხვილი - არასრულფასოვნების განცდა, უარყოფის შიში, საკუთარი თავის მიუღებლობა,;
23. დანაშაულის განცდა - დაკარგვის ან დასჯის შიში, პასუხისმგებლობის გადაჭარბებული განცდა, სიყვარულის შენარჩუნების სურვილი, შიში - სხვას ტკივილი არ მივაყენო;
24. მიჯაჭვულობა - სიახლოვის, სტაბილურობისა და ემოციური უსაფრთხოების მოთხოვნილება;
25. მარტო ყოფნის სურვილი - გადაღლა, ემოციური გადატვირთვა, უსაფრთხოების მოთხოვნილება;
26. ინტერესის დამალვა - რეალურად ძლიერი ინტერესი, მაგრამ ტკივილის და იმედგაცრუების შიში;
27. ფულის/საგნების დაგროვება - დეფიციტის ან მომავლის შიში;
28. გადაჭარბებული ზრუნვა სხვებზე - საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფა, სიყვარულის დამსახურების სურვილი;
29. სიჯიუტე - კონტროლის დაკარგვის შიში, საკუთარი მნიშვნელობის დაცვის საჭიროება;
30. ემოციური გაყინვა - ძლიერი შიში, შოკი, გადატვირთულობა ან ისეთი ტკივილი, რომლის განცდაც მოცემულ მომენტში ძალიან რთულია.

ამიტომ თერაპიაში ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა არის არა - რატომ იქცევი ასე?
არამედ:
- რისგან გიცავს ეს რეაქცია?

#ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპია #ფსიქოლოგია #ფსიქიკა #მენტალურიჯანმრთელობა #თვითრეფლექსია #ემოცია #გრძნობა #ფსიქოლოგიინგასიჭინავა

"თუ სიმშვიდის შესანარჩუნებლად კონფლიქტს გაურბიხარ, მაშინ ომს იწყებ საკუთარ თავთან".ბევრისთვის კონფლიქტის თავიდან არიდება...
27/07/2026

"თუ სიმშვიდის შესანარჩუნებლად კონფლიქტს გაურბიხარ, მაშინ ომს იწყებ საკუთარ თავთან".
ბევრისთვის კონფლიქტის თავიდან არიდება სიმშვიდის შენარჩუნების გზად მიიჩნევა. თუმცა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მუდმივი თავის შეკავება ხშირად შინაგანი დაძაბულობის წყაროდ იქცევა.
წარმოიდგინეთ სახლი, რომლის ფანჯრებს არასდროს აღებენ, რადგან გარედან შემოსული ხმაურის ეშინიათ. ერთი შეხედვით, იქ სიჩუმეა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჰაერი მძიმდება და ოთახში სუნთქვა ჭირს.
ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს საუბრის, განსხვავებული აზრის გამოხატვის ან საზღვრის დაცვის უფლებას ართმევ, ეს გამოცდილება მხოლოდ ფსიქიკაში კი არა, სხეულშიც ილექება. ის, რაც ვერ ითქვა სხვასთან, ხშირად შინაგან კრიტიკად, შფოთვად, დანაშაულის განცდად ან ქრონიკულ დაძაბულობად გარდაიქმნება.
ნამდვილი სიმშვიდე საკუთარი თავის უარყოფით არ მიიღწევა. ის იქ იწყება, სადაც ადამიანი პატივს სცემს საკუთარ განცდებს, გამოხატავს საკუთარ პოზიციას და საჭიროების შემთხვევაში მშვიდად, მაგრამ მტკიცედ ავლებს პირად საზღვრებს.
სიმშვიდე არ არის კონფლიქტის არარსებობა. ნამდვილი სიმშვიდე არის მდგომარეობა, როდესაც აღარ გიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა იმის ფასად, რომ სხვებთან გარეგნული ჰარმონია შეინარჩუნო.

#ფსიქოლოგია #ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპია #ფსიქიკა #თვითრეფლექსია #ემოციურიინტელექტი #მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქოლოგიინგასიჭინავა

როდესაც ვინმე ტირის, კეთილშობილურია მისი ნუგეშისცემა. მაგრამ თუ ის ცდილობს ცრემლების დამალვას, ზოგჯერ ასევე კეთილშობილურ...
25/07/2026

როდესაც ვინმე ტირის, კეთილშობილურია მისი ნუგეშისცემა. მაგრამ თუ ის ცდილობს ცრემლების დამალვას, ზოგჯერ ასევე კეთილშობილურია, არ შეიმჩნიო".
ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკელ პუბლიცისტს და მწერალს Daniel Handler - ს.
მართლაც, იმის მოჩვენება, რომ რაღაც ვერ შეამჩნიე, მხოლოდ იმისთვის, რომ მეორე ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს - ეს არის ემპათიის ისეთი დონე, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის...
ეს ჰგავს სცენაზე მდგომ მსახიობს, რომელიც შენიშნავს სხვის შეცდომას, მაგრამ არ წყვეტს წარმოდგენას - პირიქით, ისე აგრძელებს თამაშს, რომ მაყურებელმა ვერაფერი იგრძნოს.
ასეთი სიზუსტით და სიფრთხილით ყოფნა სხვის გვერდით - ნამდვილი შინაგანი სიმდიდრეა.

#ფსიქოლოგი #ფსიქოლოგია #ფსიქიკა #ფსიქოთერაპია #თვითრეფლექსია #მენტალურიჯანმრთელობა #ტაქტი #შეგნება #ემოციურიინტელექტი
#ფსიქოლოგიინგასიჭინავა

67 წამში იპოვეთ სურათზე შენიღბული 18 ადამიანის სახე. ეს ტესტი დაგეხმარებათ თქვენი ამჟამინდელი კოგნიტური ფუნქციების შეფას...
24/07/2026

67 წამში იპოვეთ სურათზე შენიღბული 18 ადამიანის სახე.
ეს ტესტი დაგეხმარებათ თქვენი ამჟამინდელი კოგნიტური ფუნქციების შეფასებაში. ყურადღებით დააკვირდით გამოსახულებას, საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ ხედვის კუთხე და დროდადრო თვალებსა და ტვინს მცირე შესვენების საშუალება მიეცით.

‼️მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ არცერთი მსგავსი ტიპის ტესტი არ შეიძლება ჩაითვალოს დემენციის ან ნებისმიერი სხვა კოგნიტური დარღვევის სრულფასოვან დიაგნოსტიკურ საშუალებად. სახეების ამოცნობის უნარზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის: დაღლილობა, ემოციური მდგომარეობა, სტრესი, ყურადღების კონცენტრაცია და გარემო პირობები.
ამიტომ, პირველ რიგში, ეს ტესტი აღიქვით, როგორც ანტისტრესული გონების სავარჯიშო და თქვენი ამჟამინდელი კოგნიტური მდგომარეობის შეფასების მარტივი საშუალება და არა როგორც სამედიცინო დიაგნოსტიკის ინსტრუმენტი.
დღის ბოლოს კომენტარებში დავდებ ფოტოს უკვე შეუნიღბავ მდგომარეობაში.

#ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპია #ფსიქოლოგია #ფსიქიკა #ტესტი #კოგნიტურიუნარები #თვითრეფლექსია #მენტალურიჯანმრთელობა #ფსიქოლოგიინგასიჭინავა

რუბრიკა:  ფსიქოგანათლებარას ნიშნავს ფსიქოლოგიური მოქნილობა? მეტაფორით დავიწყებ - ქარიშხლის დროს ყველაზე ხშირად ის ხეები ...
18/07/2026

რუბრიკა: ფსიქოგანათლება
რას ნიშნავს ფსიქოლოგიური მოქნილობა?
მეტაფორით დავიწყებ - ქარიშხლის დროს ყველაზე ხშირად ის ხეები ტყდება, რომლებიც არ იხრებიან, ხოლო ბამბუკი მოქნილია, ის ქარს არ ებრძვის, იხრება, თითქოს ნებდება, ამიტომ გადარჩება.
ფსიქოლოგიური მოქნილობა (psychological flexibility) ACT- ის (acceptance and commitment therapy) ერთ-ერთი ცენტრალური კონცეფციაა. ამ თემაზე ჩატარებული მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევები აჩვენებს, რომ ფსიქოლოგიური მოქნილობა მჭიდრო კავშირშია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, ცხოვრების ხარისხთან და სტრესთან გამკლავების უნართან.
ფსიქოლოგიური მოქნილობა არის უნარი, დარჩე კონტაქტში მიმდინარე გამოცდილებასთან - მათ შორის არასასიამოვნო ფიქრებთან, ემოციებთან, შიშთან, სევდასთან, ბრაზთან და გაურკვევლობასთან - და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვალო ქცევა ისე, რომ იმოქმედო საკუთარი ღირებულებების შესაბამისად.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, არ მისცე ემოციებს შენი ქცევის მართვის უფლება.
ფსიქოლოგიური მოქნილობა არ ნიშნავს:
ყოველთვის პოზიტიურად ფიქრს;
ემოციების ჩახშობას;
ყველაფერთან შეგუებას.
პირიქით, ის გულისხმობს ემოციების მიღებას და მათთან თანაარსებობას ისე, რომ ისინი არ განსაზღვრავდნენ შენს ქცევას.
ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ ძლიერი ის არის, ვინც არასოდეს შფოთავს, არასოდეს ტირის, არასოდეს ეჭვობს და ყოველთვის პოზიტიურად ფიქრობს. სინამდვილეში კი ფსიქოლოგიური სიმტკიცე და მოქნილობა სხვა რამეა.
შეიძლება გეშინოდეს - და მაინც გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი.
შეიძლება გტკიოდეს - და მაინც იმოქმედო შენი ღირებულებების შესაბამისად.
შეიძლება არ იყო მზად - და მაინც დაიწყო.
ნამდვილი სიმტკიცე სიხისტე არ არის.
ნამდვილი სიმტკიცე მოქნილობაა.

#ფსიქოლოგია #ფსიქოლოგი #ფსიქოთერაპია #ფსიქიკა #მენტალურიჯანმრთელობა #საზღვრებისდაცვა #თვითრეფლექსია #საზღვრები #ფსიქოლოგიინგასიჭინავა

Address

Tbilisi
0162

Telephone

+995599689111

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ფსიქოლოგი ინგა სიჭინავა • Psychologist Inga Sichinava posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Practice

Send a message to ფსიქოლოგი ინგა სიჭინავა • Psychologist Inga Sichinava:

Shortcuts

Share