09/02/2025
(გაგრძელება)
ჩემი GDP-ური ჩანახატები
სალათისფერ ოთახში სამარისებური სიჩუმე სუფევს.
მხოლოდ ტრენერის ხმა ისმის. თბილი და სასიამოვნო.
ტრენერი სამი გვყავს: გიორგი, ერეკლე და ელენე.
გიორგი საკუთარ გამოცდილებასა და პროექტებზე გვესაუბრება. განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებზე.
უცნაური შეგრძნება მაქვს.
ვზივარ, ვფიქრობ და ვუსმენ.
მე, წლობით ყოველდღიურ, ერთფეროვან, რუტინულ საქმიანობაში ჩართულს მაოცებს მისი მუდმივი სწაფვა სიახლეებისკენ და უზომო შრომისმოყვარეობა.
შრომისმოყვარეობა -ცალკე ფენომენია.
ან გაქვს ან არა. სამსახურის ქონას არ უკავშირდება.
შინაგანია. შენს ნერვებთან ერთად იტოტება სხეულში.
უქმად ვერ ზიხარ.
შენს სხეულში თითო-თითოდ წყდება ნერვები.
ვუყურებ და არ მასვენებს „ საოცრად ნაცნობის“ შეგრძნება.
უცებ ჩემს გონებაში ჩემი მაშინდელი სამსახურის ერთი-ერთი კორპორაციული საღამო ამოტივტივდა.
უმალ ვიცანი ჩემი ტრენერი.
თანამშრომლების დაჯილდოვება მიმდინარეობდა.
ჩემს გონებაში, მიკროფონოთ ხელში დგას და სცენაზე იწვევს ჩვენს კომპანიაში, დიასახლისის პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელს.
ახლაც ჩამესმის ყურში მისი სიტყვები :
- როდესაც ოფისში მოვდივარ, ნინო (დიასახლისსაც ასე ერქვა) მუდმივად იატაკის საწმენდი ჯოხით ხელში მხვდება კიბეზე, ეს ჩემი პირადი პრიზია!
შრომის პატივისცემას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანების მიმართ სიყვარულს განსაკუთარებით.
ჩემი ქვეცნობიერის ერთ-ერთ ნაწილში ახლაც დგანან ჩემი ტრენერი და მისი სურვილით დაჯილდოვებული ნინო-დიასახლისი. ადამიანური ურთიერთობის სიმბოლო.
GDP-გაიდლაინიც ასე იწყება : პერსონალი.
ახლა რატომ გამახსენდა არ ვიცი.
პრაქტიკული მეცადინეობები რომ დავიწყეთ, რამდენიმე მტევანი შავი ალადასტური მივართვი ჯიდიპელებს. ჩვენი ეზოს ალადასტური. მუხიანის აგარაკებზე ვცხოვრობ და პატარა ეზო მაქვს. . . ვარდებით და დიდთავიანი ყვითელგულა გვირილებით სავსე.
გიორგი და ერეკლე დიდხანს მსჯელობდნენ ხომ არ იყო ეს გამოყვანილი „ შავი თითა“. ბოლოს ისევ ალადასტურზე შეჯერდნენ. მაშინ გავიგე : ჩემს ტრენერს, გიორგის ძალიან უნდოდა ყურძნის ეს ჯიში მოეშენებინა . . . მის მამას რომ ჰქონია ოდესღაც.
შემთხვევით წავაწყდი მსგავსს და კალმები მოვატანინე. მხოლოდ ერთი გადარჩა. წელს პირველი ნაყოფი აქვს. მოუთმენლად ველი მის დამწიფებას. ნერგი მინდა ვუწილადო.
უცნაურია ადამიანის გონება. არავინ იცის ფიქრები, აზრები და მოგონებები როდის და სად ამოტივტივდება. ყველაფერი ერთი მთლიანობაა. თუმცა როგორც GDP-ში. . . რეალურად ერთი მთლიანი და მუდმივად მბრუნავი, ცოცხალი და ცვალებადი ორგანიზმია. . .
GDP - ორგანიზმი ორგანიზმისთვის.
გიორგი საუბარს ამთავრებს. მას ერეკლე ენაცვლება.
ერეკლე კოლხური გარეგნობის, საოცრად სანდომიანი პირ-სახის და ძალიან განათლებული ადამიანია. მას რამდენიმე პროფესია აქვს და მისი ლექციები საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანზე. პრაქტიკულად ხსნის და არასოდეს გავიწყდება.
გარე აუდიტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა. არ ვიცი რატომ. ამაზე ცოტა მოგვიანებით.
ერეკლეს შემდეგ ეკრანზე ელენე გამოჩნდა. პირველი რაც ჩემმა მზერამ აღიქვა, მისი დიდრონი, გონიერებით სავსე თვალები იყო. როცა ვუყურებდი, მეგონა ბაგეების ნაცვლად მისი მეტყველი თვალები საუბრობდნენ.
ტრენინგზე ძალიან მეგობრული ატმოსფერო სუფევდა და უცებ აღმოვაჩინე ელენე პატარა შვილისშვილს რომ დაატარებდა გულით, პატარა კირას . . .
დიდთავიანი ყვითელგულა გვირილები რომ უყვარს თურმე ძალიან. ჩემს ეზოში რომ ყვავის, ის გვირილები.
სადღაც შორს გავიქეცი, მოგონებებში.
ეკრანზე გახსნილ პრეზენტაციას „ ხარისხის მართვის სისტემა „ აწერია, სადაც სულ მალე დაფიქრებული წითელკითხვიანი კაცი გამოჩნდა.
ტრენინგი დასრულდა.
ლეპტოპის ეკრანი სიცარიელემ მოიცვა.
სალათისფერი ოთახი დროებით გაქრა.
ჩემს გონებაში, სადღაც ცნობიერების მიღმა ბუნდოვნად მოსჩანს ხორცშეუსხმელი თევზის ჩონჩხი.
(გაგრძელება იქნება)
@გამომწერები
ნინო ჭელიძე