07/09/2026
მე ბევრჯერ მოვკვდი...
როცა:
პირველად შემეშინდა,
პირველად დავმარცხდი,
პირველად წავიქეცი,
პირველად დამცინეს,
პირველად მიღალატეს,
პირველად სხვა მოეწონათ ჩემზე მეტად,
პირველად დავიცავი საკუთარი თავი,
პირველად დავიცავი სხვა,
პირველად ვიგემე ჩემი ტკივილი,
პირველად შევეხე სხვის ტკივილს,
პირველად გავაცნობიერე, რომ მარადიული არავინაა ამქვეყნად,
პირველად შემრცხვა,
პირველად ვინანე,
პირველად შევიკავე,
პირველად ვიქორწინე,
პირველად გავაჩინე ბავშვი,
პირველად დავკარგე ჩემი ნაწილი, შემდეგ — მეორედ...
როცა სიცოცხლეც გავატარე ჩემში და სიკვდილიც,
როცა ძალიან გამიხარდა,
როცა უზომოდ მადლიერი ვიყავი,
როცა სიყვარულმა ლამის გადამტეხა და ამოხეთქა ჩემგან,
როცა გულიანად ვიხარხარე,
როცა პირველად გამიგო სხვამ,
როცა დამინახეს,
როცა მიმიღეს,
როცა მანუგეშეს,
როცა მადლობა გადამიხადეს,
როცა სიყვარული მაგრძნობინეს,
როცა გულში ღმერთი ვიგრძენი,
როცა სამყაროს უკიდეგანობის მცირე კიდეს ოდნავ შევეხე,
როცა ვნახე, რომ მშობლებსაც საკუთარი ცხოვრება და ემოციები აქვთ,
როცა გავაცნობიერე, რომ ჩემ გარდა ვერავინ ვერასდროს გაიგებს ჩემსავე გადატანილს...
როცა ვნახე სიძლიერის მიღმა — სისუსტე, და სისუსტის მიღმა — დიდი ძალა...
და კიდევ ვინ მოსთვლის, რამდენი „როცა“...
ზოგიერთის შემდეგ სამოთხეში ვიმოგზაურე და ვიფრინე, ზოგიერთმა ჯოჯოხეთი გამომატარა და გამაცამტვერა... თუმცა ორივე მუდმივად მაბრუნებდა რეალობაში — აწმყოში.
ახლაც მაბრუნებს იმ განსხვავებით, რომ ახლა აღარ ვკვდები...
არამედ გარდა-ვიცვლები და ყოველ ჯერზე სხვაგვარი ვბრუნდები: ხან მხოლოდ კვირტი ვარ, ხან ვიყინები, ხან ფოთოლი მცვივა, ხან ვჭკნები, ხან ავყვავდები და ვიფოთლები - სეზონების მიხედვით.
ახლაც გარდა-ცვალებაში ვარ, რათა ახალი ფერი-ცვალებით შევიმოსო კვლავ.
მხოლოდ ასე ვბრუნდები ისევ აქ, ჩვენთან, აწმყოში, სადაც ყველაფერი ხდება.
© ნინო თოფურია