10/05/2019
💙როგორ ვრეაგირებთ საკუთარი შვილების პრობლემურ ქცევებზე?
ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვთან ურთიერთობისას სასურველია გავითვალისწინოთ შემდეგი:
1. ბავშვს სჭირდება გასაგები და მკაფიო წესები, სტრუქტურა, რუტინა. ეს არის ნიუანსი, რომელიც ხშირად მშობლებს ყურადღების მიღმა რჩებათ და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ბავშვის ქცევა ხდება ისეთივე დეზოგრანიზებული, როგორც მისი ყოველდღიური რუტინა.
2. საქართველოში ხშრია მრავალწევრიანი ოჯახები, რაც იმას ნიშნავს, რომ რთულია გარკვეულ წესებზე შეთანხმება ოჯახის წევრებს მშორის ასაკობრივი სხვაობის, კულტურული, თუ ტრადიციული კონტექსტის და ბევრი სხვა ფაქტორის გამო, თუმცა მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ თუ ბავშვის კარგ/ცუდ ქცევაზე რეაგირების ტიპი ძლიერ განსხვავდება, ვარირებს ოჯახის წევრებს შორის და ეს ვარიაციები ხშირად კონტრასტულია, ბავშვში სასურველი/ აგრკვეული/მკაფიო ქცევითი პატერნის ჩამოყალიბებაზე და მით უმეტეს არასასურველი ქცევის კლებაზე პრეტენზიაც არ უნდა ვიქონიოთ.
3. პოზიტიური განმტკიცება/შექება/წახალისება- მუდმივად საჭიროა მისი გამოყენება. ის მნიშვნელოვანია როგორ ბავშვის თვითშეფასების ასამაღლებლად (ქცევითი პრობლემების დროს თვითშეფასება ხშირად ქრონიკული ნეგატიური უკუკავშრის მიღების და ბევრი სხვა ფაქტორის გამო დაბალია), ასევე ბავშვის თანამშრომლური, ადეკვატური ქცევის განმტკიცების მიზნით. პოზიტიური განმტკიცება დაუყოვნებლივ უნდა ახლდეს ქცევას (ინტერვალი ქცევასა და განმტკიცებას შორის არ უნდა იყოს დიდი). უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ წამახალისებელი არ უნდა იყოს გადაჭარბებულად მიწოდებული, ვინაიდან მან შეიძლება მნიშვნელობა დაკარგოს, ამიტომ აუცილებელია ვაკვირდებოდეთ ბავშვის რეაქციას წახალისებაზე და საჭიროების შემთხვევაში ვცვალოთ განმტკიცების ტიპი.
4. სასურველია მოხდეს ყოველდღიური აქტივობების ორგანიზება; დავეხმაროთ ბავშვს აწარმოოს სიები, ყოველდღიური ჩანიშვნები, ჩაიწეროს დავალებები. ქვევითი პრობლემების დროს, განსაკუთრებით, თუ სახეზეა მაგ: ჰიპერაქტივობა, იმპულსურობა, უყურადღებობა, ბავშვს სჭირდება არა ერთი მინიშნება/დახმარება იმისთვის, რომ განახორციელოს ორგანიზებული ქცევები. ასევე სასურველია, ვთხოვოთ ბავშს გაიხსენოს, გაიმეოროს მითითებები.
5. სისტემატურად შევასვენოთ ბავშვი მოსაწყენი და დამღლელი დავალებების შესრულების დროს. ეს მას დაეხმარება მოტივაციის შენარჩუნებაში, ჩვენ კი იმაში, რომ შესრულების ხარისხმა მკვეთრად არ დაიწიოს, ხოლო ქცევითი სირთულეების გამოვლენის სიხშირემ მკაფიოდ არ მოიმატოს.
6. თუ ბავშვთან დაწყებული კამათი/კონფლიქტი/დისკუსია უარესდება, შეგვიძლია გამოვიყენოთ ე.წ. შესვენება, ტაიმ-აუტი (იზოლირება რამდენიმე წუთით). ეს შეიძლება გახდეს ქცევის, სიტუაციასთან გამკლავების კარგი მოდელი ბავშვისთვის. თუ ვამჩნევთ, რომ იგი თავად ცდილობს გაუმკლავდეს მოჭარბებულ ემოციებს „შესვენების“ გზით, მხარი დავუჭიროთ მას. ასევე მნიშვნელოვანია შევეცადოთ შევზღუდოთ დაპირისპირების მცდელობები და ყურადღება გავამახვილოთ პრიორიტეტებზე - რა უფრო სასურველი, პრიორიტეტული იქნებოდა, რომ გაეკეთებინა.
7. არაა სასურველი ბავშვთან პრობლემურ საკითხზე მსჯელობა, როცა ის ემოციების ზემოქმედების ქვეშაა, გაბრაზებულია, ვინაიდან ეს ფუჭი ქცევაა. აუცილებელია დაველოდოთ მის დამშვიდებას (მოხდება ეს ე.წ. „შესვენების“ გამოყენების, გარეთ გასეირნების, თუ სხვა რამეზე ყურადღების გადატანის გზნით) და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილოთ სიტუაცია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ფორმულირებები, რომლებსაც ვიყენებთ ესეთი განხილვის დროს. თავი უნდა ავარიდოთ „შენ“ დებულებებს და ფორმულირებებს, რომლებიც ადანაშაულებენ მას. უმჯობესია ყურადღება გავამახვილოთ საკუთარ ემოციებზე, რომლებიც აღგვეძვრება მოცემულ კონტექსტში. მაგ: „მე მიჭირს არ ავღელდე, როდესაც მიყვირიან.“ მსგავსი ფრაზები ნაკლებად შეიცავს დამადანაშაულებელ შინაარს, ამიტომ ხშირად ბრაზს, აგრესიას აქრობს და კონფილქტის მოგვარება უფრო მარტივი ხდება.
8. ქცევა, რომელიც არ მოგვწონს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს იდენტიფიცირებული ბავშვის პერსონასთან.
არაა სწორი, როდესაც ვამბობთ: „ცუდი ბიჭი ხარ, როცა ჭურჭელს ამტვრევ.“ სწორია: „მე შენ მიყვარხარ, უბრალოდ არ მომწონს, როდესაც ჭურჭელს ამტვრევ.“
9. მნიშვნელოვანია, ბავშვობიდანვე ვესაუბროთ შვილებს ღირებულება/ფასეულობებზე, ეთიკურ ქცევებზე; იმაზე, თუ რა არის სწორი და რა არა, რომელია სათანადო და რომელი შეუსაბამო ქცევა. მოგვიანებით, თუ ბავშვს გამოუვლინდება ოპოზიციური ქცევები, ასეთი ფონის არსებობის შემთხვევაში, მისთვის უფრო მარტივი იქნება დაუბრუნდეს მასში უკვე „ჩადებულ“ ღირებულებებს.
10. ბავშვთან ურთიერთობისას ხშირადაა შემთხვევები, როდესაც მას არ მოსწონს ჩვენი ნათქვამი, ან გვეპყრობა ისე, თითქოს არ მოვწონვართ. მნიშვნელოვანია ესეთ დროს ჩვენს უმთავრეს მიზნად მასთან მეგობრობა კი არ ვაქციოთ, არამედ გავუძლოთ მის ამგვარ ქცევით „შემოტევებს“ და ნელ-ნელა დავიმსახუროთ მისი კეთილგანწყობა, ნდობა.
11. და ბოლოს, მოვუსმინოთ შვილებს! მათ ეს მუდმივად სჭირდებათ. ხშირად მაშინაც კი, როდესაც იქცევიან საპირისპიროდ.
🏠 ბავშვთა და მოზარდთა განვითარების სახლი
📍 ბოჭორიშვილის ქ N2 თბილისი
☎️ 568230023