08/04/2026
მეილის შემოწმების ჰიგიენა და ასოცირებული შფოთვა
მუდმივად ჩართული შეტყობინებები მეილზე ან/და სხვა ტიპის კომუნიკაციაზე (სლექი, მესენჯერი, ვოთსაფი) ხშირად ასოცირდება მომატებულ შფოთვასთან და შემცირებულ პროდუქტიულობასთან, რადგან ამ დროს შესაძლოა გვქონდეს:
📌 გადაუდებლობის განცდა (urgency)
📌 ცნობისმოყვარეობა, იმაზე თუ რა წერია მესიჯში
📌 ნერვიულობა, გამომგზავნის ვინაობის გამო (უფროსი, მშობელი, მენეჯერი)
📌 მუდმივი შეფერხება კონცენტრაციაში, რადგან მსგავსი შეტყობინებები მთელი დღის განმავლობაში ირთვება
📌 რომც არ იყოს ხმოვანი შეტყობინება, ეკრანზე მუდმივად ანთებული შეტყობინება და წაუკითხავი მესიჯების რაოდენობა ხშირად იწვევს შფოთს და იმის განცდას, რომ საქმე გვემატება
ჩვენს კულტურაში მიღებული კომუნიკაციის სისწრაფე ყველაზე სწრაფია რაც კაცობრიების ისტორიაში ოდესმე ყოფილა. აქ არ ვსაუბრობთ ზოგადად ინფორმაციის გავრცელებაზე, ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად სწრაფად მოელის ჩვენგან ინდივიდუალურ პასუხს ადამიანი რომელიც რაიმე ფორმით გვწერს წერილს. როცა ტელეფონზე გვირეკავდნენ ადრე, აქტიობა იყო ინფორმაციის გაცვლა, რაზეც ვთანხმდებოდით ორივე პირი. პარალელურად შეიძლება სხვა საქმეც გვეკეთებინა, მაგრამ ტელეფონის აღება და დიალოგის დაწყება იყო სრულად ჩვენზე დამოკიდებული.
წარმოიდგინეთ, რამდენჯერაც მესიჯი მოგდით, რომ რეკავდეს ტელეფონი. ყოველ დღიურად, მთელი დღის განმავლობაში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გირეკავთ დაქალი, დედა, შვილი, მარკეტერი, მენეჯერი, უფროსი, თანამშრომელი, ძველი ნაცნობი...სია არ ილევა. რა საქმეც არ უნდა დაიწყოთ, რამდენიმე წუთში ერთხელ რეკავს ტელეფონი და მოელის თქვენგან პასუხს. ხომ გამორთავდით ტელეფონს? გადაირეოდით, ალბათ.
ჩვენს ტვინში დაახლოებით იგივე ხდება თუ მუდმივად ვიღებთ შეტყობინებებს სხვადასხვა ფორმით და არ გვაქვს გამომუშავებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას ან დასვენებას.
გთავაზობთ რამდენიმე ტექნიკას, რაც შეიძლება დაგეხმაროთ სისტემის ჩამოყალიბებაში.
✅ კარგად გააცნობიერეთ საკუთარ თავთან, რამდენად სთავაზობთ სხვა ადამიანებს გადაუდებელ დახმარებას და მომენტალურ კომუნიკაციას.
თქვენი საქმიანობა რამდენად "ემერჯენსია", ვინ დაგაკისრათ ეგ როლი, შეესაბამება თუ არა რეალობას და "უცბად პასუხის" ვალდებულება მართლა გაქვთ თუ არა.
ხშირ შემთხვევაში, ჩვენ გვგონია, რომ მენეჯერს არ მოეწონება თუ მაშინვე არ ვუპასუხებთ. ამაზე კომუნიკაცია შეგიძლიათ გქონდეთ მენეჯერთან და შეუთანხმოთ რამდენ საათში ერთხელ კომუნიკაცია არის ორივე მხარისთვის კომფორტული. დაიცავით თქვენი პოზიცია. კარგად გაარკვიეთ, რა საჭიროა "სულ ხაზზე ყოფნა" და აუხსენით მენეჯერს, რომ თქვენ ვერ იმუშავებთ მოცემულ დავალებებზე, თუ მუდმივად გაწყვეტინებენ.
გაგიკვირდებათ და ხშირად, მენეჯერი არ ელის თქვენგან სწრაფ პასუხს. ამ ვალდებულებას ხშირად თავად იღებენ ადამიანები, საჭიროების გარეშე.
✅მეგობრები, ახლობლები, მშობლები და ნათესავები - აქაც საკუთარ თავთან გაარკვიეთ, ვინ საჭიროებს მუდმივად ხაზზე ყოფნას და ვინ არა. უთხარით თქვენს ყველაზე ახლობელ ადამიანებს, რომელი არხით შეუძლიათ დაგიკავშირდნენ ყველაზე სწრაფად და ეს არხი მხოლოდ მათთვის შემოიტოვეთ (მაგალითად, ვოთსაფზე გწერენ მხოლოდ ახლობლები). გეცოდინებათ, რომ აქ თუ ვინმე გწერთ, პრიორიტეტია და ან აუცილებელი საქმეა, ან დიდად უარყოფით ემოციებს არ მოიტანს.
✅ ის ადამიანები, ვისი მესიჯებიც ხშირად უარყოფით ემოციასთან ასოცირდება, "დამუთეთ" და ნახეთ მხოლოდ მაშინ როცა ამის განწყობა გაქვთ.
✅ მეილის შემოწმების დროს შეიმუშავეთ სისტემა. მაგალითად, უცებ ჩამოუარეთ ყველა მეილს და გაფილტრეთ რაც უაზრო მეილია და არ საჭიროებს პასუხს. ბოლოს მოიტოვეთ თქვენთვის რელევანტური მეილები და პრიორიტეტების მიხედვით უპასუხეთ. "Unread" დატოვეთ მეილები რომლებიც შეგიძლიათ მოგვიანებით ნახოთ. ეს უბრალოდ მაგალითია, შეიმუშავეთ თქვენი სისტემა, რაც ყველაზე კარგად იმუშავებს.
ბოლოს, აზრი არის ის, რომ წერილობით შეტყობინებებზე სწრაფი პასუხის ვალდებულება არ გვაქვს ხშირ შემთხვევაში. თუ ვინმეს გადაუდებელი შემთხვევა აქვს, სავარაუდოდ ჩვენ არ ვართ მაშველი რგოლი. თუ ჩვენ ვართ მაშველი რგოლი, დაგვირეკავენ, მეილს არ მოგვწერენ. იქონიეთ თქვენი პირადი სისტემა და ჰიგიენა, მშვიდი და პროდუქტიული ყოფისთვის, რადგან შეტყობინებები და წერილების გაუთავებელი პასუხი, იწვევს შფოთს და ამცირებს ფოკუსს.