სიმპტომს მიღმა • Beyond the Symptom

Directions

სიმპტომს მიღმა • Beyond the Symptom ნონა შიუკაშვილი | ფსიქოთერაპია მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის

შფოთვა • ურთიერთობები • ტრავმა • იდენტობა

🔍 „იდეალური შვილები“ დაცარიელებული თვითობით: ნარცისტული ტრავმის ანატომიაყველაზე მტკივნეული სიმპტომი, რომელსაც ნარცისტული...
14/06/2026

🔍 „იდეალური შვილები“ დაცარიელებული თვითობით: ნარცისტული ტრავმის ანატომია

ყველაზე მტკივნეული სიმპტომი, რომელსაც ნარცისტული მშობლის შვილები მალავენ, არის საკუთარი თავის შეუცნობლობა. მათ იციან, როგორ ასიამოვნონ სხვას, როგორ მიაღწიონ წარმატებას, როგორ გაიღიმონ, მაგრამ როდესაც ეკითხებიან: „შენ რა გინდა?“, სივრცეში უზარმაზარი, მუნჯი პაუზა ჩნდება.

„სიმპტომს მიღმა“ ჩვენ გვაინტერესებს არა მშობლის ქცევის პოპულისტური იარლიყები, არამედ ის უხილავი, ღრმა ფსიქიკური არქიტექტურა, რომელსაც ეს გამოცდილება ადამიანში აშენებს. ამ არქიტექტურის საძირკველი კი ნარცისტული ტრავმაა.

რა არის ნარცისტული ტრავმა?
ეს არ არის უბრალოდ წყენა ან დროებითი ემოციური ტკივილი. ეს არის ფსიქიკის ღრმა, სტრუქტურული ჭრილობა, რომელიც მაშინ ჩნდება, როცა ბავშვს უარს ეუბნებიან მის მთავარ ბაზისურ უფლებაზე — იყოს დანახული და შეყვარებული ისეთი, როგორიც არის.
ნარცისტულ გარემოში ბავშვი ხვდება, რომ მისი ავთენტური „მე“ მშობლისთვის მიუღებელი ან არასაკმარისია და თუ გადარჩენა უნდა, საკუთარი თავი უნდა „ჩაკლას“, რათა იქცეს მშობლის თვითშეფასების გამაძლიერებელ ინსტრუმენტად (ფუნქციად).
როდესაც ბავშვი ამ რეალობაში იზრდება, იწყება გადარჩენის ტრაგიკული პროცესი, სადაც ყოველი მომდევნო სიმპტომი ამ პირველადი ჭრილობის ნიღაბია.

მოდით, ჩავიხედოთ იმ სიმპტომებს მიღმა, რომლებსაც ფსიქოთერაპიულ კაბინეტებში ყველაზე ხშირად ვხედავთ: პერფექციონიზმი და ფლიზერობა (People-pleasing).

1. ილუზია, რომ სიყვარული მიიღწევა: პერფექციონიზმი და „ხალხის სიამოვნება“

დონალდ ვინიკოტი წერდა, რომ როდესაც დედა (ან პირველადი ობიექტი) ვერ ახერხებს ბავშვის დანახვას, მოსმენას, მისი არსებობის გარედან დადასტურებას, ბავშვის ავთენტური იმპულსების სარკმლად ქცევას, ბავშვი იძულებულია მოერგოს მშობლის მოთხოვნებს. ასე ყალიბდება „ცრუ თვითობა“ (False Self).

- ფლიზერობა აქ არ არის უბრალო თავაზიანობა; ეს არის ნევროტული თავდაცვა, სხვისი ემოციური რადარების მუდმივი სკანირება. ბავშვმა ისწავლა: „თუ მე გამოვიცნობ შენს ხასიათს და დაგამშვიდებ, მე უსაფრთხოდ ვიქნები“.

- პერფექციონიზმი კი ხდება ერთადერთი ენა, რომლითაც შვილს მშობელთან ლაპარაკი შეუძლია. ელის მილერი თავის გენიალურ ნაშრომში „ნიჭიერი ბავშვის დრამა“ აღწერს, თუ როგორ ხდებიან ეს ბავშვები საკუთარი მიღწევების ტყვეები. წარმატება, ოქროს მედლები, იდეალური იმიჯი — ეს არ არის თვითრეალიზაცია, ეს არის მცდელობა, დაიმსახურონ არსებობის უფლება. თუ არ ვარ იდეალური, ე.ი. არ ვარსებობ.
ადამიანი მთელი ცხოვრება ეძებს იმ მზერას, რომელიც ბავშვობაში აკლდა.

ეს ძიება ზრდასრულობაში ხშირად უკავშირდება:
* დამოკიდებულ ურთიერთობებს;
* მუდმივ აღიარების მოთხოვნილებას;
* სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებას;
* ქრონიკულ სიცარიელეს;
* არასაკმარისობის განცდას.
* სირცხვილს, სხეულთან გაუცხოებას, საკუთარი თავის მუდმივ შეფასებას

ბავშვი ქმნის "იდეალიზებულ მე-ს". არა იმიტომ, რომ ამპარტავანია. არამედ იმიტომ, რომ ნამდვილი საკუთარი თავი საკმარისი არ აღმოჩნდა.

კიდევ ერთი სიმპტომი, რომელსაც ზრდასრულობაში ვხვდებით არის გრანდიოზულობისა“ და „დაცარიელების“ მონაცვლეობა.
ბავშვს სჭირდება ორი მთავარი რამ: „სარკისებრი ასახვა“ (Mirroring — „მე გხედავ და შენ აღფრთოვანებას იწვევ ჩემში“) და იდეალიზებული მშობლის ხატთან შერწყმა. ისეთი მშობლის შვილს, რომელიც მხოლოდ საკუთარ საჭიროებებს ხედავდა ეს ეტაპი დეფიციტური აქვს. შედეგად, ზრდასრულ ასაკში სიმპტომი ვლინდება ემოციურ ქანქარაში:

* ერთ პოლუსზეა გრანდიოზულობის ფანტაზიები (პერფექციონისტული მიღწევების დროს);
* მეორე პოლუსზე კი — ღრმა დეპრესიული დაცარიელება, როდესაც მცირე მარცხიც კი აღიქმება, როგორც ფსიქიკური კატასტროფა.

სწორედ ეს არის „ნარცისტული ტრავმა“ — შინაგანი სიცარიელის განცდა, რომელსაც გარედან სჭირდება მუდმივი კვება.

ზოგჯერ ნარცისტული მოლოდინებით სავსე გარემოში შვილი ირჩევს ერთ-ერთ სტრატეგიას:

➡️ „მოძრაობა ადამიანებისკენ“ (მორჩილება, საკუთარი საჭიროებების სრული გაუქმება) ან
⬅️ „მოძრაობა ადამიანების საწინააღმდეგოდ“ (თავდაცვითი აგრესია და ძალაუფლების ძიება, რათა აღარავინ ატკინოს).

სიმპტომი კი ხდება — მუდმივი შფოთვა და კონფლიქტი საკუთარ აგრესიასა და მისი გამოვლენის შიშს შორის.

თუ თქვენთვის ნაცნობია მუდმივი ბაზისური შფოთვის, შინაგანი სიცარიელის განცდა, საკუთარი თავისგან გამუდმებულად მაქსიმალური შედეგის მტანჯველი მოლოდინი ან სხვების მიმართ დაგროვებული უკმაყოფილების დამამძიმებელი ტარება, შესაძლოა თერაპიული პროცესი და საკუთარი სიმპტომის სხვა კუთხით დანახვა დაგეხმაროთ.

შესაძლოა უკვე დროა “იდეალური შვილის” იდენტობა გამოიგლოვოთ, რათა მის ნანგრევებზე აღმოცენდეს ის რეალური, ხშირად არასრულყოფილი, გაბრაზებული, მაგრამ ცოცხალი ადამიანი, რომელსაც არსებობის და სიყვარულის უფლება დაბადებიდანვე ჰქონდა.

•სტაბილურობის ტყვეობა•ხშირად ვამბობთ: „მომბეზრდა ჩემი სამსახური“, „ეს ურთიერთობა მფიტავს“, „ამ გარემოში ვიხრჩობი“, თუმცა...
05/05/2026

•სტაბილურობის ტყვეობა•

ხშირად ვამბობთ: „მომბეზრდა ჩემი სამსახური“, „ეს ურთიერთობა მფიტავს“, „ამ გარემოში ვიხრჩობი“, თუმცა წლები გადის და ჩვენ კვლავ იქ ვართ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენს ფსიქიკას აქვს ერთი საოცარი და ხშირად დამანგრეველი თვისება: მას ცუდი, მაგრამ ნაცნობი სტაბილურობა ურჩევნია კარგ, მაგრამ უცნობ პერსპექტივას.

ფსიქოანალიტიკურ ჭრილში ამას შეგვიძლია „სიმპტომთან შეზრდა“ დავარქვათ. სტაბილურობა ხდება ციხე, რომლის გასაღებიც ჩვენს ჯიბეშია, მაგრამ მისი გამოყენების შიში იმდენად დიდია, რომ კარს არ ვაღებთ.

იყო ტყვეობაში, ნიშნავს
იყო დაცული, მაგრამ არა ცოცხალი
იყო მშვიდი, მაგრამ არა სავსე
ცხოვრობდე, მაგრამ არ გქონდე ზრდის შესაძლებლობა

რატომ ვერ ვეშვებით იმას, რაც აღარ გვაბედნიერებს?

ხშირად უსაფრთოხების განცდა, რომელსაც ვებღაუჭებით, ილუზორულია. სტაბილური ხელფასი ან ნაცნობი რუტინა გვაძლევს განცდას, რომ „ვაკონტროლებთ“ ცხოვრებას. სინამდვილეში კი, ჩვენ ვკარგავთ კონტროლს საკუთარ სურვილებზე.

გვაფერხებს შიში სამომავლო „არაფრის“ წინაშე: როცა ძველს ვტოვებთ, იქმნება სიცარიელე, ბუნდოვნება.

ხშირად, სტაბილურობის ტყვეობაში დარჩენა გაუცნობიერებელი დანაშაულის გრძნობის შედეგია — თითქოს არ გვაქვს უფლება ვიყოთ იმაზე მეტად რეალიზებულები, ვიდრე ვართ და არაცნობიერად თავს ვისჯით.

როდის ხდება სტაბილურობა სიმპტომი?

მაშინ, როცა ის იწყებს თქვენს „შეჭმას“. როცა ჩნდება მუდმივი დაღლილობა, გაღიზიანება, შფოთვა ან განცდა, რომ ცხოვრება თქვენს მიღმა მიედინება. ეს სიმპტომები გვატყობინებენ, რომ ცვლილების დროა.

თერაპია არ არის მხოლოდ სიმპტომის გაქრობა. თერაპია ხშირად არის იმ გამბედაობის პოვნა, რომელიც ამ „უსაფრთხო ციხიდან“ გამოსასვლელად გჭირდებათ. ეს არის პროცესი, სადაც ვსწავლობთ არა მხოლოდ იმას, თუ რა გვჭამს და გვიჭერს, არამედ იმასაც — რა გვინდა სინამდვილეში?

ხშირად ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს, ზედაპირზე არ ჩანს.შფოთვა, დაძაბულობა, განმეორებადი პრობლემები ურთიერთობებში — შე...
05/05/2026

ხშირად ის, რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს, ზედაპირზე არ ჩანს.
შფოთვა, დაძაბულობა, განმეორებადი პრობლემები ურთიერთობებში — შეიძლება აღიქმებოდეს როგორც რთული პერიოდი ან ხასიათის თავისებურება. თუმცა, ამ გამოცდილებებს ხშირად უფრო ღრმა საფუძველი აქვს.
ფსიქოანალიტიკური ხედვით, სიმპტომი შემთხვევითი არ არის.
ის რაღაცას ამბობს — ხშირად იმას, რაც სხვანაირად ვერ გამოიხატება.
მაგალითად, ადამიანი შეიძლება განიცდიდეს ძლიერ შფოთვას,
რომლის უკანაც დგას სურვილი ან კონფლიქტი და მისი პირდაპირი გაცნობიერება მიუღებელია.
ამ გაგებით, სიმპტომი არის ენა.
მაგრამ ენა, რომელიც პირდაპირ არ ლაპარაკობს.
ხშირად ადამიანი ამბობს:
„ვიცი, რომ არ არის საშიში, მაგრამ მაინც მეშინია“
ან
„ვიცი, რომ ეს ურთიერთობა ცუდია, მაგრამ ვერ ვასრულებ“
ეს „ვიცი, მაგრამ მაინც“ არის სწორედ ის ადგილი,
სადაც სიმპტომი ლოგიკას სცილდება.
აქ საქმე აღარ გვაქვს მხოლოდ ცოდნასთან.
აქ უკვე მუშაობს რაღაც, რაც უფრო ღრმაა.
თერაპია არ არის მხოლოდ პრობლემის „მოხსნა“.
ეს არის პროცესი, სადაც ადამიანი იწყებს საკუთარი გამოცდილების, შიშების, სურვილებისა და ურთიერთობების უკეთ გაგებას.
თერაპიაში კითხვა არ დაისმის პირდაპირ მხოლოდ იმაზე, თუ
„როგორ მოვიშოროთ სიმპტომი?“
არამედ:
„რას აკეთებს ის ჩემს ცხოვრებაში?“
თერაპიაში სიმპტომთან მუშაობა არ ნიშნავს მის დაუყოვნებლივ გაქრობას.
ეს უფრო არის პროცესი, სადაც ადამიანი იწყებს მის მოსმენას.
რა მეორდება?
რა სიტუაციებში ჩნდება?
რა კავშირშია მის ისტორიასთან?
რა „ნათქვამი“ დგას მის უკან?
ხშირად, როცა სიმპტომი „გაგებულია“,
ის იცვლის ფუნქციას.
ზოგჯერ მცირდება, ზოგჯერ ქრება,
ზოგჯერ კი უბრალოდ სხვანაირად ინტეგრირდება ადამიანის ცხოვრებაში.
სიმპტომს მიღმა ყოველთვის არის რაღაც —
სურვილი, შიში, კონფლიქტი, ისტორია.
და შესაძლოა, სწორედ ამ „მიღმაში“ იწყება რეალური ცვლილება.

✺ გაურკვევლობის განცდა - როგორც სიმპტომიგაურკვევლობა ხშირად არის არა სიცარიელე, არამედ გაყინული ცოდნა. „არ ვიცი რა მინდა...
09/04/2026

✺ გაურკვევლობის განცდა - როგორც სიმპტომი

გაურკვევლობა ხშირად არის არა სიცარიელე, არამედ გაყინული ცოდნა.
„არ ვიცი რა მინდა“ -
ეს ფრაზა ხშირად ისე ჟღერს,
როგორც უბრალო დაბნეულობა.
თითქოს საჭიროა დრო , ფიქრი
და ერთ დღეს პასუხი თავისით მოვა.
მაგრამ გამოცდილებაში ასე იშვიათად ხდება.

ხშირად „არ ვიცი“ არის ადგილი,
სადაც სურვილი უკვე არსებობს,
მაგრამ მასთან მიახლოება ძვირია.

ბავშვი არ იბადება გაურკვეველი.
ის ძალიან მკაფიოდ გრძნობს:
რა უნდა, რა არ უნდა, ვისთან უნდა ყოფნა.

მაგრამ თუ გარემო მას სურვილზე პასუხობს:
* კრიტიკით
* შერცხვენით
* იგნორირებით
* ან კავშირის დაკარგვის საფრთხით

ბავშვი ნელ-ნელა სწავლობს,
რომ სურვილი უნდა გადაიფაროს.
და სწორედ აქ ჩნდება პირველი ბზარი:
მე და ჩემი სურვილი აღარ ვართ ერთ მხარეს.

ზრდასრულობაში ეს აღარ გამოიყურება
როგორც ტრავმა. ეს უფრო ჰგავს ფონურ
გაურკვევლობას, გადაწყვეტილებების გაჭიანურებას.

მაგალითად :

„არ ვიცი მინდა თუ არა ეს სამსახური“..
მაგრამ სხეული გიგზავნის სიგნალებს:
დაღლილობა,
გაღიზიანება,
მოტივაციის დაკარგვა..
და მაინც რჩები.

რატომ?
რადგან სადღაც, ძალიან ღრმად წერია:
• „თუ ავირჩევ ჩემს გზას, შეიძლება დავკარგო მიღება“
• „თუ ვიტყვი რა მინდა, შეიძლება მარტო დავრჩე“

ამიტომ „არ ვიცი“ ხდება დაცვა.
არა სისუსტე ან უუნარობა,
არამედ ადაპტაცია,
რომელმაც ოდესღაც გადაგარჩინა.

ფსიქოანალიტიკური გაგებით, სურვილი ყოველთვის სხვის ველშიც ყალიბდება — ჩვენ ვსწავლობთ გვინდოდეს ის, რაც გვანარჩუნებინებს სიყვარულს და სხვებთან კავშირს.
და მერე ვცხოვრობთ ამ "ნასწავლი" სურვილით ისე,
რომ ვეღარ ვარჩევთ:
ეს მართლა ჩემია, თუ ოდესღაც გადარჩენისთვის ავირჩიე.

ჩნდება გაყოფა:
👉 ის, რაც მართლა მინდა
👉 და ის, რაც უნდა მინდოდეს

გაურკვევლობა სწორედ ამ გაყოფის ხმაა.

ამიტომ „არ ვიცი“ ხშირად არის ძალიან ზუსტი ფორმა, რომლითაც ფსიქიკა ინარჩუნებს ბალანსს.
თუ გავიგებ — უნდა ავირჩიო.
თუ ავირჩევ — რაღაცას დავკარგავ.
და ეს „რაღაც“ ხშირად არის:

ძველი კავშირი,
ძველი წესი,
ძველი უსაფრთხოება.

გაურკვევლობის განცდაში სურვილი უკვე არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის უსაფრთხო, რომ მას დაეყრდნო.

თერაპიაში მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ:" რა ფასს ვუკავშირებ ჩემს სურვილს? " , „ვისი ხმაა იმ ადგილას, სადაც მე უნდა ვიყო?“

შფოთვა  როგორც სიმპტომიშფოთვა ხშირად აღიქმება როგორც ის, რაც აუტანელია და უნდა გაქრეს — მძიმე განცდა, რომელიც გვიშლის ხე...
08/04/2026

შფოთვა როგორც სიმპტომი

შფოთვა ხშირად აღიქმება როგორც ის, რაც აუტანელია და უნდა გაქრეს — მძიმე განცდა, რომელიც გვიშლის ხელს და გვასუსტებს.
ბიოლოგიურად, შფოთვა არის ორგანიზმის მზადყოფნა საფრთხეზე. მაგალითად: გამოცდის წინ დაძაბულობა, გასაუბრების წინ გულის აჩქარება — ეს არ არის პათოლოგია, ეს არის მობილიზაცია.
კოგნიტურ დონეზე, შფოთვა დაკავშირებულია მოლოდინთან:
• „თუ ვერ გავართვი თავი?“
• „თუ რამე ცუდი მოხდა?“
მაგალითად: ადამიანი, რომელიც შეხვედრამდე რამდენჯერმე ამოწმებს, სწორად თქვა თუ არა რაღაც —
ცდილობს წინასწარ აკონტროლოს შედეგი, რათა შეამციროს შფოთვა.

ფსიქოანალიტიკური ხედვა გვთავაზობს უფრო ღრმა ფენას:
შფოთვა ჩნდება არა მხოლოდ საფრთხის წინ, არამედ მაშინაც, როცა რაღაც შიგნით იძაბება — სურვილი, კონფლიქტი, ან გამოცდილება, რომელსაც პირდაპირ ვერ ვაცნობიერებთ.
ფროიდისთვის შფოთვა არის სიგნალი შიდა საფრთხეზე.
ჟაკ ლაკანისთვის — ის ჩნდება მაშინ, როცა რაღაც ძალიან ახლოს მოდის: სურვილი, არჩევანი, ცვლილება, რომელიც ჩვენს იდენტობას არღვევს.

შფოთვა ხშირად ჩნდება იქ, სადაც რაღაც მნიშვნელოვანია:
• ადამიანი, რომელსაც ურთიერთობა აქვს, მაგრამ მუდმივად ეშინია დაკარგვის — ყოველ შეტყობინებაში ეძებს მინიშნებას, შეიცვალა თუ არა პარტნიორი.
• ადამიანი, რომელიც ვერ იწყებს ახალ საქმეს, მიუხედავად სურვილისა — შფოთვა აჩერებს, თითქოს იცავს შეცდომისგან.
• ადამიანი, რომელიც მუდმივად აკონტროლებს დეტალებს —
რათა არ დაუშვას გაუთვალისწინებელი რამ.

ობიექტ-ურთიერთობის თეორიებში შფოთვა მჭიდროდ უკავშირდება ადრეულ გამოცდილებას.
მელანი კლაინი აღწერს პრიმიტიულ შფოთვებს:
• დევნის შფოთვას — განცდა, რომ რაღაც გვემუქრება (მაგ. მუდმივი მოლოდინი, რომ „რაღაც ცუდი მოხდება“)
• დეპრესიულ შფოთვას — შიში, რომ დავკარგავთ იმას, რაც გვიყვარს

ეს შფოთვები გამოხატავს თუ როგორ აღიქვამს ბავშვი სამყაროს — როგორც საშიშს თუ უსაფრთხოს/დამჭერს.
დონალდ ვინიკოტი ამატებს: როცა გარემო არ არის საკმარისად დამჭერი (holding), შფოთვა შეიძლება გახდეს არა სიგნალი, არამედ მუდმივი ფონი. ამ შემთხვევაში ადამიანი აღარ „უსმენს“ შფოთვას — ის უბრალოდ ცხოვრობს მასში.

თანამედროვე ნეიროფსიქოლოგიისა და ტრავმის კვლევების მიხედვით (Porges, 2011; van der Kolk, 2014; Perry, 2006), როცა ბავშვი იზრდება გარემოში, სადაც სტრესი, შიში ან არასტაბილურობაა, მისი ნერვული სისტემა ხშირად მუშაობს „გადარჩენის რეჟიმში“ (fight / flight / freeze).

ამ მდგომარეობაში მთავარი კითხვა არის: „როგორ გადავრჩე?“
და არა — „რა მინდა?“
ამიტომ:
• სურვილები ითრგუნება
• პრიორიტეტი ხდება უსაფრთხოება
• არჩევანი იცვლება ადაპტაციით

ხშირად ზრდასრულობაში ეს ავტომატურად გრძელდება და გამოიხატება საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებთან კავშირის დაკარგვაში, მუდმივ დაძაბულობაში, გადაწყვეტილებების გაჭიანურებაში, ხშირ გაურკვევლობის განცდაში.

შფოთვა როგორც სიმპტომი შეიძლება ასრულებდეს რამდენიმე ფუნქციას:
- გვაფრთხილებს კონფლიქტზე
- გვიცავს რაღაცისგან (მაგ. მიუღებელი სურვილისგან)
- გვინარჩუნებს ფსიქიკურ ბალანსს
- გვაჩერებს ცვლილების წინ

შფოთვა არის სიგნალი,
რომელიც რაღაცას გვატყობინებს —
სხეულზე, აზრებზე, სურვილებზე, ურთიერთობებზე.
და კითხვა, რომელიც თერაპიაში ძალიან მნიშვნელოვანია, არის:
რას გვეუბნება ის, სანამ ვცდილობთ გავაჩუმოთ?

Address

Chavchavadze Avenue
Tbilisi

Opening Hours

13:00 - 19:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სიმპტომს მიღმა • Beyond the Symptom posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share